English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
უმუშევრობა და პანდემია

ანოტაცია.ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ერთ-ერთ უმწვავეს გლობალურ პრობლემას - უმუშევრობას და მასზე კოვიდური პანდემიის გავლენას. განხილულია შრომის მსოფლიო ბაზარზე წარმოქმნილი ე.წ. პოსტკოვიდური ტენდენციები: ბევრი დარგის შემცირება ან გაქრობა; უმუშევრობის ზრდა; IT დარგის სფეროს სპეციალისტებზე განსაკუთრებული მოთხოვნა; განათლების, აგრეთვე ტურიზმსა და მომსახურების სფეროს უდიდეს ნაწილში, ვაჭრობაში უმეტესად On-line ფორმებზე გადასვლა.

სტატიაში აგრეთვე მოყვანილია აღნიშნულ დარგში არსებული მდგომარეობის მცირე ანალიზი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და მსხვილ კომპანიებში. მითითებულია, რომ ბოლო დროს მსოფლიოში მწვავედ იჩინა თავი ე.წ. „ფარულმა უმუშევრობამ“, რაც სულ უფრო და უფრო იზრდება. გაანალიზებულია საქართველოში არსებული მდგომარეობის ამსახველი ციფრობრივი მასალა.

საკვანძო სიტყვები: უმუშევრობა, პანდემია, შრომის ბაზარი, ტენდენციები, დაზღვევა, On-line ფორმები, IT.

***

2020 წლის კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც უმოკლეს დროში სხვა რეალობაში აღმოჩნდა და შეეჯახა სრულიად ახალ, გაურკვეველ გამოწვევებს. ჯერ ერთი, პანდემიამ იძულებული გახადა მთელი მსოფლიო, კარანტინში გადასულიყო. გაჩერდა ყველაფერი, დაეცა ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი და მხოლოდ ერთი რამ გაიზარდა - უმუშევრობა. ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.

შრომის მსოფლიო ბაზარზე წარმოიქმნა შემდეგი ე.წ. პოსტკოვიდური ტენდენციები:

- ბევრი დარგის შემცირება ან გაქრობა. ეს განსაკუთრებით შეეხო ტურიზმის აქტიურ ფორმებს, მომსახურების სფეროს უდიდეს ნაწილს, ვაჭრობას თითქმის მთლიანად. თუმცა ამ დარგებში წარმატებით ამოქმედდა On-line ფორმები - ეს არის კიდევ ერთი პოსტკოვიდური ტენდენცია. აღმოსავლური ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით ბიზნესის 81% უკვე გადაერთო საქმიანობის "მოშორებულ" ფორმებზე, მაშინ როცა კოვიდამდე ამისათვის მზადყოფნა მხოლოდ ოცდაორმა პროცენტმა გამოთქვა.

- უმუშევრობის ზრდა. მსოფლიო შრომის ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაახლოებით 500 მლნ ადამიანი უმუშევარი დარჩა, შემოსავლები შემცირდა 10%-ით. მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ეკონომიკაში - აშშ-ში უმუშევრობა შეეხო 16 მლნ ადამიანს, ევროკავშირში - 13 მლნ-ს. მაგალითად, ტურიზმის სფეროში 2020 წელს სამუშაო ადგილები 43%-ით შემცირდა (142.6 მლნ ადამიანი). ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ისინი არ ფლობენ On-line მუშაობისათვის საჭირო უნარებს, ამიტომ, საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის McKinsey-ის მონაცემებით 2030 წლისათვის დაახლოებით 375 მლნ ადამიანი იძულებული იქნება შეიცვალოს პროფესია.

- ყველაზე მოთხოვნადი გახდა IT სფეროს სპეციალისტები, მარკეტოლოგები, კომუნიკაციის სფეროს მუშაკები, ბიზნესანალიტიკოსები, On-line განათლების სფეროს მუშაკები, მედიკოსები. კომპანიების 43% უკვე აღნიშნავს კვალიფიციური კადრების სიმცირეს, 22% ამ პრობლემასთან შეჯახებას უახლოეს მომავალში ელოდება.

- მსოფლიო ბანკის კვლევებით, 2020 წლის პირველ ნახევარში თითქმის ყველა ქვეყანა გადავიდა განათლების On-line ფორმაზე. ნათელი გახდა, რომ მსოფლიო განათლების სისტემა უკლებლივ აღმოჩნდა ამისთვის მოუმზადებელი - მასწავლებლებს არ გააჩნდათ შესაბამისი უნარები, მოსწავლეების რაღაც ნაწილს არ გააჩნდა წვდომა ინტერნეტთან და ა.შ.

დასაქმების კვლევის ინსტიტუტმა (LAB) 2020 წელს შეისწავლა სიტუაცია შრომის ბაზარზე სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიაში გამართლდა მათი ყველაზე ცუდი პროგნოზი და უმუშევართა ტალღა ნახევარ მილიონ ადამიანს გაუტოლდა, შემცირებულ სამუშაო დღეზე გადავიდა 650 ათასი ადამიანი. მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, სხვა ღონისძიებათა შორის ამ ადამიანებს შესთავაზოს ხელფასის 60%-იანი კომპენსაცია ბიუჯეტიდან,

მსგავსი სქემით ხელმძღვანელობდა საფრანგეთის მთავრობაც. 2020 წელს ბიუჯეტიდან იხდიდა ხელფასის 86%-ს. ამ პერიოდში ე.წ. "ტექნიკური უმუშევრობისათვის" დახმარება გაუწია 3.6 მლნ ადამიანს.

ავსტრიაში უფრო რთული მდგომარეობა ჩამოყალიბდა. 2020 წლის მარტში აქ უმუშევრობა რეკორდულ ნიშნულს 12.2%-ს (+4.7%), ანუ დაახლოებით 560 ათას ადამიანს გაუთანაბრდა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 52.2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, მთავრობის აზრით, ტურისტული სფეროს კრახს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ავსტრია ზამთრის ტურიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს მსოფლიოში.

უმუშევრობის მაღალი დონე დაფიქსირდა ესპანეთში, სადაც ის 20%-ს გაუტოლდა.

ისრაელში სამუშაო ყოველმა მეოთხემ, ანუ დაახლოებით 1 მლნ ადამიანმა დაკარგა და უმუშევრობა 4%-დან 24%-მდე გაიზარდა. თუმცა, როგორც აღნიშნავს გამომცემლობა Globes, ამ ადამიანთა თითქმის 90% სამსახურიდან კი არ გაუშვეს, არამედ შვებულებაში. მარტის თვის მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობის დახმარების მისაღებად დასაქმების სამსახურს 60 ათასმა ადამიანმა მიმართა და დღიურად ფიქსირდებოდა 10 ათასი განცხადება.

რეკორდი ამ მხრივ აშშ-ში დამყარდა. 2020 წლის მარტის დასაწყისში ერთ კვირაში განცხადება უმუშევრობის დახმარებაზე 3.3 მლნ ადამიანმა შეიტანა, ხოლო მარტის ბოლო კვირაში - 6.6 მლნ-მა.

ათეულობით მსხვილი კომპანია თავიანთ მუშაკებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა, რადგანაც კადრების შემცირებას უწინასწარმეტყველებდა, მაგალითად, Walt Disney-მ 2020 წელს უკვე შეამცირა 28 ათასი ადამიანი, ნავთობგიგანტმა Royal Dutch Shell-მა - 9 ათასი, გერმანულმა Continental-მა - 30 ათასი ადამიანი. თუმცა ისინი ვერც შეედრებიან ავიაკომპანიებს. მხოლოდ ამერიკაში United-ის მონაცემებით ამ წელს უკვე 150 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი და კიდევ ბევრი დგას რიგში (ეს მხოლოდ მსხვილ ავიაკომპანიებში, მცირე და საშუალო ავიაკომპანიების სტატისტიკას არც არავინ აწარმოებს).

ბოლო დროს ძალიან მწვავედ იჩინა თავი "ფარულმა" უმუშევრობამ. გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ვეღარ მუშაობს, მაგრამ ოფიციალურად არც გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ცდილობს რამენაირად არეგულიროს ეს პროცესი და უმუშევრობას "დროებითი" ხასიათი მისცეს, ანუ შეინარჩუნოს კადრები, რათა ისინი ნებისმიერ მომენტში დაუბრუნდნენ სამუშაოს. ეს ფენომენი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ახლა ასეთი ხალხის არმია ძალიან გაიზარდა. ნიშანდობლივია, რომ ისინი სტატისტიკას ამახინჯებენ: უმუშევართა მაჩვენებელში არ აღირიცხებიან, თუმცა ფაქტობრივად ამ მდგომარეობაში იმყოფებიან.

დასაქმებულთა ანუ ხელფასიანთა რიცხვის შემცირება, რა თქმა უნდა, იწვევს მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას. ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ, მოხმარება - ეკონომიკის მამოძრავებელი - ეცემა. სახელმწიფოს შემოსავლები ეცემა - მცირდება მოსახლეობის მიერ გადასახადების გადახდა, ხოლო ბიუჯეტიდან გასავლები იზრდება, თუნდაც უმუშევრობის გადასახადების, სხვა სოციალური ღონისძიებების სახით. ნიშანდობლივია, რომ რაც უფრო ხანგრძლივია აღნიშნული სიტუაცია, მით უფრო ძნელია ადამიანების სამსახურში დაბრუნება პროფესიული, კონკურენტუნარიანი ფორმით. შედეგად, აუცილებლად იზრდება სოციალური უთანაბრობა, იზრდება მდიდრებსა და ღარიბებს შორის სოციალური დაძაბულობის დონეც.

ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა ბოლო წლებში დიდ ეკონომიკურ პრობლემად იქცა, დღეისათვის კი ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც უმუშევრობა ნაკლებად აწუხებთ, მთავრობის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მაჩვენებელი სამუშაო ადგილების ზრდაა. გამომდინარე იქიდან, რომ 2013-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით არ იზრდებოდა, დასაქმებულთა რაოდენობა სულ 30,700-ით გაიზარდა.

დასაქმებულთა რაოდენობამ პიკს 2015 წელს მიაღწია – 1,7 მლნ. მას შემდეგ კი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016-2019 წლებში იგი 43,600-ით შემცირდა. დასაქმებულთა რაოდენობა ორი ნაწილისგან შედგება: დაქირავებით დასაქმებული და თვითდასაქმებული (თვითდასაქმებულები მოიცავს სოფელში საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, ტაქსის მძღოლებს, რეპეტიტორებს, ბაზრობებზე და გარევაჭრობაში დასაქმებულებს და ა.შ.). 2019 წელს დაქირავებულების რიცხვი წინა წელთან შედარებით 11 ათასით შემცირდა, ხოლო თვითდასაქმებულებისა 7 ათასით გაიზარდა.

კორონავირუსი იმ უამრავი შესაძლო რყევის ერთი მაგალითია, რომელსაც დასაქმებულთა სრულიად დამოუკიდებელი მიზეზებით მათი სამუშაო პირობებისა და შემოსავლის, ისევე როგორც მთლიანად შრომის ბაზრის მოულოდნელად და უმართავად შეცვლა შეუძლია.

დღეისათვის კი ე.წ. პოსტკოვიდურ პერიოდში უმუშევრობის დაზღვევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მოგვევლინა. იგი, შრომის ბაზრის სხვა მექანიზმებთან ერთად, შრომით ურთიერთობებს არეგულირებს. იმ პირობებში, როცა ქვეყნის მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არა აქვს, უმუშევრობის დაზღვევის ან შემწეობის გარეშე დასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში პირველადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის რისკის ქვეშ ექცევიან. ასეთ ვითარებაში უმუშევრობის დაზღვევას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მინიმალური საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეუძლია. 

ცხრილი 1

უმუშევრობა საქართველოში (ათ. კაცი)

2017

2018

2019

2020

354.5

309.0

276.9

307.8

21.6%

19.2%

17.6%

20.4%

უმუშევრობის დონე საქსტატის მიერ უმუშევრად ჩათვლილი მოსახლეობის სამუშაო ძალასთან ფარდობით გამოითვლება, ბოლო წლების განმავლობაში უმუშევრების რაოდენობა 124 ათასი კაცით შემცირდა, დასაქმება კი მხოლოდ 31 ათასით გაიზარდა. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა – 73 ათასი ადამიანი სამუშაო ძალიდან გავიდა, ამიტომ ისინი აღარ ხვდებიან უმუშევრების სტატისტიკაში. სამუშაო ძალიდან გასვლა ნიშნავს, რომ არ მუშაობს, მაგრამ არც ეძებს სამსახურს. საქსტატის მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვი საქართველოში 1.1 მლნ-ზე მეტია. მალე ძალაში შევა უმუშევრობის დათვლის ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, დღეს თვითდასაქმებულად ჩათვლილთა ნაწილი უმუშევრად ჩაითვლება, რაც უმუშევრობის დონეს საგრძნობლად გაზრდის. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკური კრიზისის გამო, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 40 ათასით შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური ვარდნა 2021 წლის შუა პერიოდამდე გასტანს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ველოდოთ გაუმჯობესებას. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს 5,2%-ით შემცირებული გლობალური მშპ 2021 წელს 4,2%-ით აღდგება.

საქართველოს მთავრობას უდიდესი ძალისხმევის გაწევა მოუწევს ამ უმწვავესი კრიზისიდან გამოსასვლელად. მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება - ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტის ამოქმედებით იხსნას ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსისაგან.

მთლიანად ქვეყანამ პანდემიის გამო $7 მილიარდზე მეტი ზარალი განიცადა. 3 ათასზე მეტი ბიზნესი დაიხურა. ფინანსთა სამინისტრო პროგნოზირებს, რომ 2020 წლის კლების შემდეგ, 2021 წლიდან ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად აღდგება და 4,3%-ს მიაღწევს. თუმცა ჯერჯერობით ქვეყანაში შეზღუდვები გრძელდება, შესაბამისად, 2021 წელს ქვეყანას მწვავე ეკონომიკური პრობლემები ელის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/moneratyfiscal/2021/mpr_2021q1_geo.pdf მონეტარული პოლიტიკის ანგარიში თებერვალი 2021.
  2. https://emc.org.ge/ka/products/koronavirusi-da-droebiti-shemtseobis-autsilebloba კორონავირუსი და დროებითი შემწეობის აუცილებლობა 31 მარტი 2020.
  3. https://forbes.ge/saqarthvelos-ekonomika-bolo-8-tselitsadshi/ საქართველოს ეკონომიკა ბოლო 8 წელიწადში 2020.
  4. https://forbes.ge/msophlio-ekonomika-2021-tsels-vin-moigebs-da-vin-tsaagebs/ მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს? 2021.
  5. https://businessfeed.ge/2020-is-ekonomikuri-shedegebi-ra-khdeba-ganvitharebul- 2020-ის ეკონომიკური შედეგები: რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში  2020 .
  6. https://www.newsgeorgia.ge Пандемия и безработица: сколько граждан Грузии рассчитывают на пособие  Вторник, 16 марта, 2021.
  7. https://finance.rambler.ru/other/43951429-pandemiya-uvolneniy-covid-19-plodit-bezrabotitsu-v-mire/Пандемия увольнений: COVID-19 плодит безработицу в мире News.ru2 апреля 2020.
  8. https://www.finam.ru/analysis/newsitem/glavnye-posledstviya-pandemii-dlya-rynka-truda-bezrabotica-i-spros-na-novye-kompetencii-20201115-13000/ Главные последствия пандемии для рынка труда - безработица и спрос на новые компетенции.2020.  
  9. https://www.bbc.com/russian/features-54462688 Коронавирус оставил миллионы людей без работы. Многие из них об этом еще не знают 2020.
  10. https://zen.yandex.ru/media/yuneman/posledstviia-pandemii-krizis-i-bezrabotica-5eb85192d86ce72cb4b1bd44 Последствия пандемии. Кризис и безработица 2020.